უფალმა კაცთა მოდგმა ერებად დაჰყო. ყველა ერს დედამიწაზე თავისი ადგილი მიუჩინა, თავისი მიზანი დაუსახა და თავის ენაზე აამეტყველა.
ამ
დროს წყლიდან უზარმაზარი ბეჰემოტი გამოჩნდა, რომელმაც წმიდანს თანხმობის ნიშნად თავი
დაუქნია და შორს გასცურა. ამის შემდეგ იგი ამ მხარეში აღარავის უნახავს.
წმიდა ნიკოლოზის სასწაული
შავი ზღვის ნაპირას, ერთ ქალაქში სარკინოზები ცხოვრობდნენ.
მათ ქალაქს ბერძნების ქალაქიდან შავი ზღვის სრუტე ჰყოფდა. ამ შავიზღვიპირა ქალაქის
ერთ-ერთი მაცხოვრებელი მდიდარი სარკინოზი ზღვაზე სეირნობისას ბერძნებმა შეიპყრეს და
საპყრობილეში ჩააგდეს.
საპყრობილეში მდიდარ სარკინოზს ესმოდა სხვა პატიმრები,
როგორ მიმართავდნენ ვინმე ნიკოლოზს და დახმარებას სთხოვდნენ მას. ერთხელ ვეღარ მოითმინა
და პატიმრებს ჰკითხა წმიდა ნიკოლოზის ვინაობა. ერთ-ერთმა ტუსაღმა კი ყველაფერი უამბო
სარკინოზს წმიდა ნიკოლოზის შესახებ, რაც კი იცოდა და ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი
ჭეშმარიტებები გაუზიარა მას.
|
წმიდა ნიკოლოზი, სვანეთის მუზეუმი |
სარკინოზი ქრისტიანის ნაამბობმა ძალიან ააღელვა. ღამით
თვითონაც დაიწყო ლოცვა და წრფელი გულით შეევედრა უფალს: უფალო, თუ შენ მართლა ჩვენს
სახსნელად ჩამოხვედი დედამიწაზე, მაშინ გამომიგზავნე მხსნელად წმიდა ნიკოლოზი, რომ
ამ ტყვეობიდან გამათავისუფლოს და მაშინ გპირდები, რომ მთელ ჩემს ოჯახთან ერთად გავქრისტიანდებიო.
სარკინოზს ამ ლოცვებში ჩაეძინა. სიზმარში წმიდა ნიკოლოზი
იხილა. წმიდა ნიკოლოზი მის ბორკილებს შეეხო და უთხრა: ქრისტე, რომელსაც შენ დახმარება
სთხოვე, გათავისუფლებს. წადი მშვიდობით და უფლისთვის მიცემული აღთქმის შესრულება არ
დაგავიწყდეს.
წმიდა ნიკოლოზის ამ სიტყვებზე სარკინოზს გამოეღვიძა
და ნახა, რომ თავის სახლში წევს. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. გონს, რომ მოეგო
და დამშვიდდა, ცოლ-შვილთან ერთად მადლობა შესწირა უფალს გადარჩენისთვის.
ეს ამბავი ძალიან სწრაფად გავრცელდა სარკინოზთა ქალაქში
და უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე. მდიდარ სარკინოზს მეორე ღამითაც გამოეცხადა
წმიდა ნიკოლოზი და უთხრა, რომ სასწრფაოდ წასულიყო ბერძნებთან და ეამბნა მათთვის, როგორ
გაათავისუფლა იგი წმიდა ნიკოლოზმა. რადგან ბერძნებს ეგონათ, რომ სარკინოზი საპყრობილის
დარაჯებმა გაათავისუფლეს და მათ უპირებდნენ დასჯას. წმიდანმა ამავდროულად დაამშვიდა
სარკინოზი, რომ მას ბერძნები ვერაფერს გაუბედავდნენ, რადგან თავად იქნებოდა მასთან
ერთად.
სარკინოზმა ამ ხილვის შესახებ მეუღლეს უამბო. ცოლი ევედრებოდა
მას, რომ აღარ წასულიყო ბერძნებთან, ეშინოდა, რომ მის ქმარს ისევ შეიპყრობდნენ. თუმცა
მან ყური არ ათხოვა ცოლის მუდარას და უთხრა: წმიდა ნიკოლოზს შეუძლია მეორედაც მიხსნას
საფრთხისგანო.
ასე დააიმედა სარკონოზმა მეუღლე, ჩაჯდა ნავში და მტრის
ქალაქისკენ გასცურა. იქ მისულმა უამბო მათ თავს გადამხდარი სასწაულის შესახებ. ბერძნებმა
უდანაშაულოდ შეპყრობილი დარაჯები სასწრაფოდ გაათავისუფლეს. გახარებული სარკინოზი მაშინვე
ჩაჯდა ნავში და თავისი ქალაქისკენ გასცურა. ბერძნები ნავებით დაედევნენ მას, რათა მეორედ
ისევ შეეპყროთ. თუმცა წმიდა ნიკოლოზის მფარველობით სარკინოზი მშვიდობით დაბრუნდა შინ.
სულ მალე მან უფლისადმი მიცემული აღთქმა შეასრულა, იერუსალიმში გაემგზავრა ოჯახთან
ერთად და მოინათლა.
მეფის სტუმრობა გლეხის ქოხში
ეს ამბავი სამი საუკუნის წინ მოხდა. იმ ხანად საქართველო
არ იყო ისეთი ერთიანი და ძლიერი, როგორც დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს.
იმ პერიოდის საქართველო რვა ნაწილად იყო დაყოფილი და ამ ნაწილების მბრძანებლები ხშირად
ებრძოდნენ ერთმანეთს. დაუძლურებულ ქვეყანას კი მტერი ადვილად ერეოდა.
ქართლის მეფე სვიმონმა მთელი საქართველოს გაერთიანება
მოინდომა. მან ჯერ რაჭა, შემდეგ კი იმერეთი დაიპყრო. იმერეთის მეფე როსტომი თავისი
ჯარით სიმამრთან, სამეგრელოს მთავარ დადიანთან გაიქცა და დახმარება სთხოვა. მთავარმა
დადიანმა იცოდა, რომ კარგად შეიარაღებულ მეფე სვიმონთან ვერაფერს გახდებოდა და ზავის
ჩამოგდება გადაწყვიტა. მან მეფეს მოციქულის პირით შეუთვალა, რომ თუ პატივს დასდებდა,
როსტომს შეირიგებდა და სარჩო მამულს უბოძებდა, იგიცა და როსტომიც მეფის მორჩილნი იქნებოდნენ.
|
კავთისხევი |
სვიმონ მეფე ძალიან გამბედავი და უშიშარი მეომარი იყო,
ქვეყნისთვის თავს არ ზოგავდა, უყვარდა ხალხი და ყოველთვის მათ კეთილდღეობაზე ზრუნავდა.
თუმცა ისევე, როგორც ყველა ადმიანს, მასაც ჰქონდა სისუსტე და ზოგჯერ დაუფიქრებლად იქცეოდა.
ამჯერადაც იგი სიამაყით მოეკიდა დადიანის შემოთავაზებას, უარი შეუთვალა და სრული დამორჩილბა
მოსთხოვა. ეს უარი იწყინეს და არამართებულად ჩათვალეს როგორც იმერლებმა, აგრეთვე ქართლელებმაც.
სამეგრელოს მთავარმა ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და გამთენიისას თავს დაესხა სვიმონ
მეფეს ჭაობიან ადგილას. ასეთ მდგომარეობაში ქართლელები დამარცხდნენ და მათი იარაღი
- ზარბაზნები მეგრელებს ჩაუვარდათ ხელში.
მეფე სვიმონმა ტყვედ, რომ არ ჩავარდნილიყო, ჩუმად, სულ
მარტომ გასწია აღმოსავლეთისკენ. მან სწრაფად გადალახა სამეგრელო, იმერეთი და თბილისს
მოახლოებულს კავთისხევთან დაუღამდა. მეფე თავად-აზნაურებს მოერიდა, გლეხის ქოხს მიადგა.
იგი მასპინძელს ისე გაეცნო, როგორც დასავლეთიდან მომავალი ერთი უბრალო კეთილშობილი
ადამიანი. დიასახლისმა ტკბილად მიიღო სტუმარი, მცირე ვახშამიც მიართვა. შემდეგ კი ლაშქრობისა
და მეფის ჯანმრთელობის ამბავი მოჰკითხა მას. სტუმარმა კი უპასუხა, რომ მეფისა და ლაშქრობის
შესახებ არაფერი იცოდა.
ქალი დაამწუხრა ამ ამბავმა. იგი მეფეს უფრო დარდობდა,
ვიდრე თავის ქმარ-შვილს. ეს ამბავი სვიმონ მეფეს მალამოდ მოედო დაწყლულებულ გულზე.
სტუმარმა უარი უთხრა დიასახლისს გულწრფელ მიპატიჟებაზე, ღამე მათ ოჯახში გაეთია და
თბილისისკენ გაანგრძო გზა.
სულ მალე ამ დიასახლისის ქმარ-შვილი უვნებელი დაბრუნდა
ლაშქრობიდან. დიასახლისმა მათ უამბო უცნაური სტუმრის შესახებ და ყველა მისი ნიშანიც
დაუსახელა. შინ ახალდაბრუნებული მეომრები გაოგნდნენ, როდესაც მიხვდნენ, რომ მათი ოჯახის
სტუმარი თავად სვიმონ მეფე იყო.
ერთ კვირა დილას მთელი სოფელი გარეთ იყო გამოფენილი.
უეცრად აღმოსავლეთიდან ულამაზესი ეტლი შემოვიდა, რომელსაც წინ ცხენოსანი მოუძღოდა.
მან გლეხი ქვლივიძის სახლი იკითხა. როდესაც მიანიშნეს ქვლივიძის ოჯახზე, ცხენოსანმა
ოჯახს სვიმონ მეფის მიერ კარგი მასპინძლობისთვის გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა და
წყალობის სიგელიც მიართვა, რომლითაც მათ აზნაურობა ენიჭებოდათ. გლეხი ქვლივიძის ოჯახი
ძალიან დააბნია ამ მოულოდნელმა სიხარულმა.
ამ გლეხის შთამომავლები დღესაც სახლობენ სოფელ კავთისხევში
და აზნაურ ქვლივიძეებად იწოდებიან.
წმიდა მამის დარიგება
ერთხელ ათონის წმიდა მთაზე დიდი გვალვა დაიწყო. მთელმა
ზაფხულმა ისე ჩაიარა, რომ ერთხელ არ უწვიმია. მიწა ძალიან გამოშრა, ხისა და ვაზის ფოთლები
გახმა და ცვენა დაიწყო. ხალხი საგონებელში ჩავარდა.
მალე წმიდა ელია წინასწარმეტყველის დღესასწაულიც მოახლოვდა.
ქართველმა ბერებმა გადაწყვიტეს წირვა ქართველთა მონასტრის მახლობლად, წმიდა ელია წინასწარმეტყველის
სახელობის ეკლესიაში შეესრულებინათ.
|
წმიდა ელია წინასწარმეტყველი სინას მთის წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი |
დილით ადრე მამა იოანე მთაწმინდელმა თავის შვილს, ექვთიმეს
უთხრა: „წაიყვანე ძმები და წადი წმიდა ელიას ტაძარში, ღამე გაათიეთ და წირვა აღასრულეთ.“
იქვე შეკრებილ
მამებს კი ნეტარმა ხუმრობით უთხრა: „ყრმანო, საწვიმრებიც თან წაიღეთ, რადგან ამაოდ
არ მოგიწიოთ წასვლა და უკან არ დაბრუნდეთ.“
მამები წავიდნენ წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის
ეკლესიაში და ღამე გაათენეს. წირვის დროს სახარების წაკითხვისას, მთის მწვერვალს ზევით
პატარა ღრუბელი გამოჩნდა. სულ მალე ცა ღრუბლებმა დაფარა და ზიარებამდე ისეთი ძლიერი
წვიმა წამოვიდა, რომ ირგვლივ მიწა სულ დაალბო. ამ სასწაულის მხილველი მამები უფალს
ხელაპყრობილნი სწირავდნენ მადლობას. წირვის დასრულების შემდეგ კი მონასტრისკენ წამოვიდნენ.
ის ძმები, რომლებსაც საწვიმრები ჰქონდათ, იოლად დაბრუნდნენ მონასტერში, ხოლო ვინც მამა
იოანეს სიტყვებს ყური არ ათხოვა, დასველდნენ. თუმცა მაინც ყველა მადლობას სწირავდა
უფალსა და ნეტარ მამა იოანეს ამ უსაზღვრო წყალობისათვის.
შრომა და ლოცვა
ერთხელ წმიდა ანტონი დიდი ცუდმა გულისთქმებმა და მოწყენილობამ
შეაწუხა. მას ძალიან შეეშინდა ამ მდგმარეობას და უფალს შეევედრა, შეწეოდა მას ცხონებაში
და ეჩვენებინა გზა, როგორ აღდგომოდა წინ ამ ბოროტ გულისთქმებს.
|
წმიდა ანტონი დიდი |
ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ანტონი დიდი სენაკიდან გამოვიდა
და იქვე უცნობი კაცი შენიშნა, რომელიც იჯდა და გოდორს წნავდა. შემდეგ იგი ადგა, ილოცა
და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ისევ იგივე გაიმეორა.
ეს უცნობი კაცი ღვთის ანგელოზი იყო, რომელიც უფალმა წმიდა ანტონის განსწავლისათვის
გამოუგზავნა. ანგელოზმა წმიდა მამას უთხრა: „აი, ასე მოიქეცი და ცხონდები.“
ანგელოზის ამ სიტყვების გაგონებაზე წმიდა ანტონი დიდი
სიხარულითა და იმედით აივსო და მას შემდეგ მუდამ ასე იქცეოდა. მოგვიანებით კი წმიდა
მამა ყველას ამას ასწავლიდა და ეუბნებოდა: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ და სადაც არ უნდა
იყოთ, მუდამ გახსოვდეთ შრომა და ლოცვა. ილოცეთ მუდამ თქვენი სულის საცხოვნებლად და
იშრომეთ თქვენდა და სხვათა სასარგებლოდ. შრომა და ლოცვა ერთად ერთმანეთს აძლიერებს;
ლოცვა გვაძლევს ძალას შრომისთვის, ხოლო შრომა გაფანტავს მავნე და ბოროტ გულისთქმას
და გონებას სალოცავად განაწყობს და ყურადღებასა და გულმოდგინებას სძენს. შრომა და ლოცვა
ერთმანეთს ეხმარება და ადამიანიც ნაკლებად იღლება, რადგან ლოცვით გაძლიერებულს მეტის
გაკეთება შეუძლია. ნეტარია ის კაცი, რომელიც შრომასა და ლოცვას წესად გაიხდის და რომლის
გულშიც ეს წესი არასოდეს დაირღვევა.“
თითოეულმა ადამიანმა ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ
ლოცვა და შრომა. მშრომელი ადამიანი კი არასდროს არ იქნება ბოროტი.
მოყვასის დახმარება
წმიდა მიქაელ პარეხელი, რომელიც კლარჯეთის მონასტერში
ცხოვრობდა, გადაწვიტა ხანძთაში განმარტოებული ადგილი მოეძებნა და იქ გაეგრძელებია თავისი
ბერული ცხოვრება. წმიდა მამამ მალე იპოვა ასეთი ადგილი ბერთას გამოქვაბულში, გადაწვიტა
იქ დარჩენილიყო და იქედან გაეგრძელებინა ქრისტეს მსახურება. ეს რომ ეშმაკმა დაინახა,
ძალიან შეწუხდა და ცხადად თუ ფარულად დაუწყო დაბრკოლება წმიდა მიქაელს და აიძულებდა
დაეტოვებინა უდაბნო.
წმიდა მამა დიდი მოთმინებით, დაუღალავად უმკლავდებოდა
ბოროტის შემოტევებს და ქრისტეს, დედა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმიდა სახელით ებრძოდა
ეშმაკს. ერთხელ, როდესაც წმიდა მიქაელი სენაკიდან მოშორებით მაღალ მთაზე იდგა, ეშმაკმა
ზემოდან დიდი ქვა გადმოაგდო. ღმერთმა წმიდა ბერი უვნებლად გადაარჩინა.
|
წმიდა მამა მიქაელ პარეხელი |
წმიდა მიქაელი ძალიან დიდი წმიდა ბერი იყო, რომელიც
უამრავ სასწაულს აღასრულებდა. თუმცა, იგი მიენდო უფლის ნებას, არ გაამაყდა და ეშმაკთან
ბრძოლით დაღლილმა, მოწაფე გაუგზავნა თავის სულიერ მოძღვარს - წმიდა გრიგოლ ხანძთელს
და ბოროტი სულისაგან მოვლენილი ყველა განსაცდელის შესახებ უამბო მას.
წმიდა გრიგოლმა ეს, რომ გაიგო, სასწრაფოდ მივიდა სულიერ
ძმასთან და გაამხნევა იგი. წმიდა მიქაელის დასაცავად და ეშმაკის დასამარცხებლად საკუთარი
ხელით გააკეთა ბოროტების დამთრგუნველი ორი დიდი ხის ჯვარი. სენაკიდან მოშორებით აღმართა
ეს ჯვრები, ბერს შემოუსაზღვრა და ასე დაარიგა: „ქრისტეს ამ ორ ჯვარს შუა უშიშრად იცხოვრე
წმიდა სამებისა და პატიოსანი ჯვრის შეწევნით. თუ გადაცილდები მათ, იცოდე, ბოროტი უფრო
მეტად შეგებრძოლება.“
შემდეგ წმიდა მამებმა ერთად ილოცეს და მამა გრიგოლი
ხანძთის მონასტერში დაბრუნდა. ნეტარი მიქაელი კი თავმდაბლად დაემორჩილა სულიერი მოძღვრისა
და სულიერი მეგობრის სიტყვებს, სიმშვიდე მოიპოვა და დაამარცხა ამპარტავნების ვნება.
ასე დაძლია წმიდა მიქაელმა, ღვთის მადლით, ეშმაკის ვნებები. ამის შემდეგ იგი პარეხში
მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა, ადიდებდა უფალს და აძლიერებდა მონასტერს. გარდაცვალების
შემდეგ წმიდა მამა იქვე დაკრძალეს.
|
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი |
პატარა გიორგის შეხვედრა წმიდა ილია მართალთან
გამოჩენილი მოღვაწის,
ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი იხსენებდა:
„ერთ მშვენიერ დღეს ძიძასთან ერთად ვეწვიეთ ილია ჭავჭავაძის ოჯახს თბილისში. ძია ილიამ
და მისმა მეუღლემ ალერსიანად მიგვიღეს და ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ. შემდეგ ილიამ
ბავშვები თავის სამუშაო ოთახში შეგვიყვანა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ოთახის
მორთულობამ, ყურადღებით ვათვალიერებდით ბრჭყვიალა ჩარჩოებში ჩასმულ ლამაზ სურათებს.
მასპინძელი გაღიმებული გვიყურებდა და სურათების შესახებ გვესაუბრებოდა.
ყველაზე მეტ ყურადღებას ჩემი ძმა, გიორგი იჩენდა. ილიამ
შენიშნა, თუ როგორ გაჩერდა გიორგი საწერ მაგიდასთან ახლოს და ყოველ ნივთს განსაკუთრებული
ინტერესით დაუწყო მზერა.
-რა გაინტერესებს, შვილო, მანდ? - ჰკითხა ძია ილიამ.
-მე ის კალამი მინდა ვნახო, რომლითაც თქვენ „ტყემ მოისხა
ფოთოლი“ დაწერეთ!
ილიას გაეღიმა, სამზარეულოში გავიდა, იქიდან ინდაურის
ფრთის ღერი გამოიტანა, ჩვენს თვალწინ ლამაზად გათალა, გაუწოდა გიორგის და უთხრა:
-აი, ასეთი კალმით დავწერე „ტყემ მოისხა ფოთოლი“. თუ
გინდა, ამ კალამს ახლა შენ გაჩუქებ, წაიღე, შენი იყოს!“
პატარა გიორგი არ დაბნეულა, მაშინვე კეთილ ძიას უპასუხა:
-დიდი მადლობა, მაგრამ მე ეგ კალამი არ მინდა, თქვენ
გქონდეთ. კიდევ დაწერეთ ლექსები... მე კი „მაშინისტი“ უნდა გამოვიდე.
ილია არ მოელოდა ბავშვის ასეთ პასუხს, გაოცდა, სიყვარულით
თავზე ხელი გადაუსვა პატარა გიორგის და მერე უფროსებთან თქვა: ეს ბავშვი უთუოდ ნიჭიერი
კაცი დადგება და ახალი დროის ღირსეული მოქალაქე იქნებაო.
დიდი ილიას წინასწარმეტყველება გამართლდა: ბავშვობიდანვე
ტექნიკით გატაცებული გიორგი შესანიშნავი მეცნიერი დადგა და მათემატიკის დარგში მრავალი
მნიშვნელოვანი შრომით მოიხვეჭა ქვეყნად სახელი.“
კეთილი საქმე
ერთ უდაბნოში ცხოვრობდა ბერი - ღირსი მოსე. ადრე ის
ავაზაკი იყო, მაგრამ ღვთის წყალობით, კეთილ გზაზე დადგა და კეთილმორწმუნე ადამიანი
გახდა. მან იმდენად გაითქვა სახელი თავისი კეთილი საქმეებით, რომ ხშირად ბერები მასთან
რჩევა-დარიგების მისაღებად მიდიოდნენ.
|
ღირსი მოსე |
ღირსი მოსე ყოველ ღამით სენაკიდან გამოდიოდა. იგი ბერების
სენაკებს ჩამოუვლიდა, თუკი სადმე გარეთ გამოდგმულ წყლის ჭურჭელს ნახავდა, ყველას წყლის
აუვსებდა და ისე დაუდგამდა. წყალი იმ უდაბნოში მოშორებით იყო და მოხუცებულ ბერებს თავისთვის
წყლის მოტანა უჭირდათ და არ შეეძლოთ. აი, ასე ფარულად მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად
წმიდა ბერი.
ღირსი მოსეს ცხოვრება კი ჩვენთვის მაგალითია იმისა,
თუ როგორ უნდა შევეწიოთ ჩვენი შრომით სხვა ადამიანებს. შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანთან
იყოს შორიახლოს მარტოხელა მოხუცი, რომლისთვისაც ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეგვიძლია.
მათთვის ჩვენგან სულ უბრალო მოკითხვა და თბილის სიტყვაც კი ძალიან დიდი ნუგეში და სიხარულია.
ავადმყოფი დიაკვნის განკურნება
მე-19 საუკუნის დასასრულს ერთ მონასტერში 35 წლის ბერდიაკონი
იაკობი მოღვაწეობდა. იგი უეცრად ავად გახდა და ფეხები წაერთვა. ბერდიაკონი ძალიან განიცდიდა
თავის ავადმყოფობას.
ერთხელ, შუაღამისას, როდესაც მამა იაკობი მონასტრის
საავადმყოფოში იწვა, მწუხარების გასაქარვებლად ლოცვა დაიწყო და მთელი გულით ევედრებოდა
უფალს დახმარებას. უცებ მან დაინახა როგორ აივსო ოთახი ნათლით და მის წინ ვიღაც ჭაბუკი
აღიმართა, რომელმაც უთხრა: უფლის განგებას დაემორჩილე, ნუ ითხოვ განკურნებასა და სიცოცხლის
გახანგრძლივებას. მხოლოდ უფალს მიენდე; უფალს, რომელიც ყოველივეს ჩვენს სასიკეთოდ აღასრულებს.
ამის შემდეგ ანგელოზი უხილავი გახდა.
დამშვიდებულმა მამა იაკობმა გადაწყვიტა, ენახა, სად
წავიდა ანგელოზი. იგი საწოლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და რაფას დაეყრდნო. როგორც
ღვთაებრივი სინათლის სხივები მიუთითებდნენ, წმიდა ანგელოზი ყოვლადწმიდა სამების ტაძრისკენ
გაემართა. ხილვის დასრულების შემდეგ საავადმყოფოს ოთახში მომვლელი შემოვიდა, რომელიც
ძალიან გააოცა უძლური ავადმყოფის ფანჯარასთან დანახვამ.
მამა იაკობმა მას ყველაფერი უამბო და ორივე ერთად ადიდებდა
სიკეთის მომნიჭებელ უფალ იესო ქრისტეს.
წმიდა მაკარი და აფთარი
ალექსანდრიის ერთ-ერთ უდაბნოში ცხოვრობდა ერთი წმიდა
მამა, სახელად მაკარი. იგი ერთ მივარდნილ გამოქვაბულში ცხოვრობდა და მთელ დღეებს ლოცვასა
და მარხვაში ატარებდა. მისი გამოქვაბულის შორიახლოს სორო ჰქონდა გაკეთებული ერთ აფთარს.
ერთხელ, როდესაც წმიდა მაკარი ლოცულობდა, მას აფთარი
მიუახლოვდა, კბილები კაბაში ჩაავლო და გასასვლელისკენ ექაჩებოდა. წმიდა მამას გაუკვირდა,
ვერ მიხვდა, რატომ იქცეოდა მხეცი ასე და გაჰყვა მას. აფთარმა წმიდა მაკარი თავის ბუნაგთან
მიიყვანა, შიგ შეძვრა, იქედან სამი უსინათლო ლეკვი გამოიყვანა და წმიდანს ფეხებთან
დაუსვა.
წმიდა მაკარი კიდევ უფრო გაოცდა, შემდეგ ხელები ზეცისკენ
აღაპყრო და უფალს ლეკვებისთვის თვალისჩინის დაბრუნება სთხოვა. ღმერთმა ისმინა წმიდა
მამის ლოცვა და აფთრის ლეკვებს თვალები აეხილათ. წმიდა მაკარიმ ლეკვები დედას მისცა
და თვითონ თავის გამოქვაბულში დაბრუნდა.
საღამოს აფთარი კვლავ მივიდა წმიდა მამის გამოქვაბულთან
და თან პირით ვერძის ტყავს მოათრევდა. იგი შევიდა გამოქვაბულში, მაკარის ფეხებთან მოწიწებით
დააფინა ვერძის ტყავი, თავი დაუხარა და უკან გაბრუნდა. ასეთი სახით შესწირა მხეცმა
მადლობა წმიდა მამას.
ლოცვა მტერთათვის
წმიდა ქალწული ფავსტა კეთილშობილ, მორწმუნე ოჯახში იზრდებოდა.
იგი 13 წლის იყო, როდესაც ქრისტეს სარწმუნოების გამო შეიპყრეს. პატარა გოგონა კერპთაყვანისმცემელ
სახელმწიფო მოხელეს ევილას გადასცეს საწამებლად. წმიდა ფავსტას სიმშვიდემ, უბრალოებამ,
მოთმინებამ იმდენად იმოქმედა უსჯულო მოხელეზე, რომ მან ქრისტე იწამა და ფავსტა გაათავისუფლა.
ეს, რომ იმპერატორმა მაქსიმიანემ შეიტყო, ძალიან განრისხდა და ევილა სიკვდილით დასაჯა.
ფავსტას წამება კი სხვა მოხელეს დაავალა. ფავსტა ადიდებდა უფალს და უსჯულო იმპერატორის
შეწყალებას ევედრებოდა: „გმადლობ შენ, იესო ტკბილო, რომ მე შენი წმიდა სახელის აღიარების
ღირსი გამხადე. კიდევ, გევედრები შენ, შეიყვარე ჩემი მწვალებელი მაქსიმიანე, განანათლე
იგი სარწმუნოებითა და განამტკიცე შიშსა შინა შენსა.“
პატარა წმიდანის ამ სიტყვებმა მოალბო მოხელის გული და
მანაც ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოხელემ აღარ აწამა ფავსტა, რის გამოც იგი
ევილას მსგავსად აწამეს.
ბოლოს ქალწული ფავსტაც მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა
ფავსტას მიერ მოქცეული სახელმწიფო მოხელეები კი მოწამეობრივად აღესრულნენ და მოწამეთა
დასს შეუერთდნენ.
|
წმიდა იოანე ზედაზნელი |
იოანე ზედაზნელი და დათვები
წმიდა იოანე ზედაზნელის ლოცვით ზედაზნის მთაზე ანკარა
წყარო აღმოცენდა. მონასტრის ძმებს წყლის მოსატანად შორს წასვლა აღარ უხდებოდათ. ერთხელ
კი წყაროზე წასულ ერთ-ერთ ბერს თავს უზარმაზარი დათვი წაადგა. შეშინებული ბერი ყვირილით
გაიქცა მონასტერში და წმიდა იოანეს უამბო თავისი გასაჭირი.
წმიდა მამა იოანე მშვიდად წავიდა წყაროსკენ და იქ მყოფ
დათვს მიმართა: თუ გწყურია, დალიე წყალი და მერე წადი, ამ მთაში მცხოვრებთ კი ამიერიდან
ნურაფერს დაუშავებ.
დათვმა წმიდა მამის სიტყვები, რომ გაიგონა, მორჩილად
მიბრუნდა და წავიდა. ამ დღის შემდეგ დათვების მოდგმა ამ მთის მკვიდრთ აღარ ერჩოდა და
არცერთ ადამიანს მათგან ზიანი არ მიუღია.
|
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი |
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა განგკურნოს“
ეს ამბავი კლარჯეთის ერთ-ერთი მონასტრის წმიდა ბერს
- მამა მატოის შეემთხვა.
ერთელ ბერი მატოი თავის სენაკში იმყოფებოდა. ამ დროს
კი მან შეიტყო, რომ ღამით ქურდები მის სენაკში აპირებდნენ შემოპარვას. წმიდა მამამ
ქურდებს დღისითვე მოუმზადა სადილი. ღამით ფარულად მოსულ ქურდებს კი ბერი თავზე წამოადგა
და უთხრა: „შვილებო, დამიჯერეთ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გიბრძანებთ, არაფერი მავნოთ,
მოდით და ჭამეთ ჩემთან ერთად პური, რომელიც გაგიმზადეთ.“
ამ სიტყვების მიუხედავად ერთ-ერთმა ქურდმა მაინც მოინდომა
წმიდა მამის ნივთების წაღება. მაშინ წმიდა მამამ უთხრა მას: „მე ვარ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
მსახური, რომელიც ამ საქმის გამო დაგსჯის!“ ქურდი მაშინვე მიწაზე დაეცა. მისი მეგობრები
მუხლებში ჩაუვარდნენ წმიდა მატოის და ქურდის განკურნებას სთხოვდნენ.
ბერმა იგრძნო ამ ადამიანების სინანული ჩადენილი ბოროტების
გამო და უფალს გულში მადლობა შესწირა მათი მოქცევისთვის. შემდეგ კი სიყვარულით გადასახა
ჯვარი გაბოროტებულ ქურდს და უთხრა: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა განგკურნოს!“
უეცრად ქურდი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა. მან წმიდა
ბერს პატიება სთხოვა და ამ დღის შემდეგ მუდამ სიკეთეს ჩადიოდა.