დავითისა და გოლიათის ამბავი
წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ატენის სიონის ფრესკა |
ეს ამბავი ისრაელში მეფე საულის მეფობისას მოხდა. იმ
დროს ქვეყანაში ომი მძვინვარებდა. ებრაელთა ლაშქარი მტრის წინააღმდეგ გამოვიდა. მტრის
ლაშქარში ერთი მეომარი იყო, სახელად გოლიათი. იგი მტრის ლაშქარს გამოეყო. მან ებრაელთა
ჯარს მიმართა: „ნუ იქნება სისხლისღვრა; თქვენგან ვინმე შემებრძოლოს, თუ ის მომკლავს
- თქვენ იბატონებთ ჩვენზე, მაგრამ თუკი მე მოვერევი და მოვკლავ - თქვენ ჩვენი მონები
გახდებით.“
გოლიათი ტანად ძალიან დიდი და ძლიერი იყო. მასთან შერკინება
ვერავინ გაბედა. მეფე საულმა გამარჯვებულს დიდი ჯილდო აღუთქვა. გამოწვევა ორმოცი დღე
მიმდინარეობდა.
ერთხელ ისრაელის ბანაკში დავითმა თავის ძმებს საზრდო
მიუტანა და ამ დროს გაიგო გოლიათის გამოწვევის შესახებ. დავითმა მეფეს სთხოვა გოლიათთან
შებრძოლების ნება დაერთო. მეფე წინააღმდეგი დარჩა, რადგან დავითი ჯერ ისევ ჭაბუკი იყო,
გოლიათი კი - გამოცდილი მეომარი.
დავითმა უთხრა მეფეს: მე, როდესაც მამაჩემის ცხვრებს
ვმწყემსავდი და ლომი და დათვი ცხვრებს მტაცებდა, ხშირად მიწევდა მათთან შებრძოლება.
თუ უფალი იმ დროს მიხსნიდა ლომისა და დათვის ბრჭყალებისგან, მაშინ ახლაც გადამარჩენს
ამ გოლიათი მეომრისგან. მეფემ დავითის ეს ნათქვამი, რომ მოისმინა, დათანხმდა გოლიათთან
შერკინებაზე.
დავითმა აიღო შურდული, ხუთი ქვა მეცხვარის ჩანთაში ჩაიდო
და გოლიათთან წინააღმდეგ საბრძოლველად გავიდა. გოლიათმა დავითი, რომ დაითანახა დასცინა,
ქვითა და ჯოხით მე როგორ უნდა მომერიო?
დავითმა კი უპასუხა: შენ ხმლითა და შუბით გამოხვედი
ჩემთან საბრძოლველად, მე კი - უფლის სახელით, რომელსაც შენ შეურაცხყოფ. მე უფალი დამეხმარება
და მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ ხსნა მხოლოდ უფალშია და არა შუბსა და ხმალში.
გოლიათი დავითს მიუახლოვდა. დავითმა ჩანთიდან ქვა ამოიღო
და შურდულით ესროლა გოლიათს. მას ქვა პირდაპირ შუბლში მოხვდა და ძირს უსულოდ დაეცა.
დავითმა მიირბინა გოლიათთან და მისივე ხმლით მოკვეთა თავი. ამის შემხედვარე მტრის ჯარმა
სასწრაფოდ დატოვა ბრძოლის ველი და გაიქცა.
ასე დაამარცხა უფალზე მინდობილმა პატარა ჭაბუკმა უძლიერესი
მეომარი გოლიათი.
„ყოველი სული აქებდით უფალსა“
წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი სვანეთის ტაძრის ფრესკა |
ერთხელ როდესაც დავით წინასწარმეტყველი ღვთის სადიდებელ
ფსალმუნს წერდა, სასახლის შორიახლოს ჭაობში ბაყაყი აყიყინდა. მისი ყიყინი მეფეს წერაში
ხელს უშლიდა, ამიტომ ბაყაყის მოშორება ბრძანა. მაშინ ეს ბაყაყი სამჯერ მივიდა დავით
მეფესთან, მის ნაწერებზე დაჯდა და უთხრა: თუ შენ არ მაძლევ საშუალებას ვადიდო უფალი,
მაშინ არც მე მოგცემ ღმერთის დიდების ნებას. მაშინ კი მიხვდა მეფე, რომ ყოველი ქმნილება
- ადამიანი, ცხოველი, ფრინველი თუ ქვეწარმავალი, ყველა ისე ადიდებს, სამყაროს შემოქმედს,
როგორც შეუძლია.
სწორედ მაშინ დაწერა წმიდა დავით მეფსალმუნემ "ყოველი სული აქებდით უფალსა." ეს სიტყვები შემდგომში საეკლესიო საგალობლად იქცა.
"იყუარებოდით ურთიერთას"
წმიდა იოანე ღვთისმეტყველი, მე-17 ს. |
წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა, რომელსაც სიყვარულის მოციქულსაც
უწოდებენ ღრმა სიბერემდე იცოცხლა. იგი უძლურებაში იყო არა იმდენად სიბერისგან, რამდენადაც
უდიდესი, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლისგან. მოწაფეებმა იგი ხელით მიიყვანეს
თავიანთ შეკრებაზე.
სამოციქულო ღვაწლი და მოშურნეობა აიძულებდა მას ღვთის
სიტყვა ექადაგა და ქრისტიანები განესწავლა. თუმცა მოხუცებულ მოციქულს საუბარი აღარ
შეეძლო. ამიტომ მხოლოდ შემდეგი სიტყვებით კმაყოფილდებოდა: „შვილნო ჩემნო! გიყვარდეთ
ერთმანეთი!“ მოწაფეები გაოცებულები იყვნენ ერთი და იგივე რჩევის გამეორებით და ბოლოს
მიზეზი ჰკითხეს წმიდა მოციქულს.
მაცხოვრის საყვარელმა მოწაფემ კი ასეთი პასუხი გასცა: "ეს მაცხოვრის მცნებაა, რომლის აღსრულებაც ღვთის სიყვარულის შემდეგ ყველაზე შემოკლებული შემადგენლობაა მთელი საღვთო სჯულისა!"
წმიდა დიდმოწამე გიორგის სასწაული
ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, აფხაზეთი |
საქართველოში, სოფელ ილორში ერთ მღვდელს, მაშინ როცა
ის წირვას აღასრულებდა, ოსმალებმა შვილი მოსტაცეს. მღვდელი ძალიან შეწუხდა, მაგრამ
წირვა არ მიატოვა. იგი გულმხურვალედ შესთხოვდა უფალს შვილის დაბრუნებას.
სწორედ ამ დროს გატაცებულ ბავშვს თეთრცხენოსანი მხედარი დაეწია, ბავშვი გაათავისუფლა, შემდეგ მამას დაუბრუნა და გაუჩინარდა. ეს თეთრცხენოსანი მხედარი წმიდა დიდმოწამე გიორგი იყო.
უფლისმიერი სიყვარული
მაცხოვარი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კარედი ხატის ფრაგმენტი, მე-12 - მე-13 სს. |
მოწყალე ბერი
(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)
იყო ერთი ბერი, რომელსაც სახელად მარდარი ერქვა. იგი
ყოველთვის გლახაკებზე ზრუნავდა. რითაც შეეძლო ყველაფრით ეხმარებოდა მათ.
ერთხელ სოფელში მონასტრის საქმეზე იყო წასული. უცებ
შეუძლოდ გახდა, მაგრამ არავის შეწუხება არ უნდოდა და ფეხით გაეშურა თავისი მონასტრისკენ.
გზაში ავდარმა წამოუსწრო. ბერი უფრო ცუდად გახდა, კანკალმა აიტანა, ფეხები ეკეცებოდა.
ამ დროს გზის პირას უძლური, წყლულებიანი გლახაკი დაინახა, რომელსაც სიარულის თავი აღარ
ჰქონდა.
გლახაკის შემხედვარე მარდარის გული სიბრალულით აევსო,
თავისი ავადმყოფობა დაივიწყა. მან ანაფორა გაიხადა, გლახაკი შიგ გაახვია, მხრებზე შეისვა
და დიდი გაჭირვებით მონასტრისკენ გაუყვა გზას. როდესაც მონასტერს მიუახლოვდნენ, გლახაკი
თავისით ჩამოვიდა ბერის მხრებიდან და მის წინაშე ფერი იცვალა.
გლახაკის სახე მაცხოვრის ბრწყინვალე სახედ გადაიქცა,
სწორედ ისეთად ხატებზე რომ არის გამოსახული. შემდეგ მარდარის თვალწინ ზეცად ამაღლდა
და ბერს ზეციდან მოესმა ხმა: „მარდარი, ამ გლახაკის სახით მოვედი მე შენთან და რადგან
შენ შემიწყნარე ერთი საათი ამქვეყნად, ამისთვის მე ზეცაში შეგიწყალებ საუკუნოდ!“
ერთხელ, ცივ ზამთარში ერთმა ბერმა თავისი მონასტრის
წინამძღვარს კარგად შენახული ყურძნის მტევანი მიართვა. მონასტრის წინამძღვარი ღრმად
მორწმუნე ადამიანი იყო, მუდამ იცავდა მაცხოვრის სიტყვებს და საკუთარი თავისთვის არასდროს
ზრუნავდა. იგი სულ იმას ფიქრობდა და სულ იმის ცდაში იყო, როგორ დახმარებოდა სხვას და
როგორ გაეხარებინა მოყვასი. წინამძღვარმა ყურძნის მტევანი ბერს გამოართვა. შემდეგ კი
ისე, რომ ერთი მარცვალიც არ მოუკლია მტევნისთვის, ყურძენი ერთ ავადმყოფ ბერს მიუტანა.
ავადმყოფმა ძალიან გაიხარა და უფალს მადლობა შესწირა.
მაგრამ ავადყოფი ბერიც ძალიან გულისხმიერი აღმოჩნდა, ისიც მუდამ მოყვასზე ფიქრობდა.
ამიტომ ყურძენი უნაკლულოდ მესამე ბერს გაუგზავნა. მესამე ბერმაც საკუთარ სიამოვნებას,
მოძმის სიხარული ამჯობინა და ყურძნის მტევანი მეოთხე ბერს შეუტანა. მეოთხემ მეხუთეს
შესთავაზა, მეხუთემ - მეექვსეს და ასე მოიარა ყურძნის მტევანმა ყველა ბერის სენაკი.
ბოლოს მტევანი უნაკლულოდ ისევ მონასტრის წინამძღვარს
დაუბრუნდა. წინამძღვარი საღმრთო სიხარულით აღივსო და მადლობა შესწირა უფალს, რადგან
ცხადად დაინახა მონასტრის ბერთა შორის, ღვთის წყალობით, რამდენად დიდი, ნამდვილი, ქრისტიანული
სიყვარული არსებობს.
ეპიზოდები წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებიდან
მღვდელმთავარი წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი 1825-1896 წლებში
მოღვაწეობდა. იგი 35 წლის მანძილზე იმერეთის ეპისკოპოსი იყო. მზრუნველი
მღვდელმთავარი ერთხელ დიდ ფოთლოვან ხეს შეადარეს, რომლის ჩრდილქვეშ 35 წელი ცხოვრობდა
მისი მრევლი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი განსაკუთრებით ზრუნავდა ბავშვებზე
და ეხმარებოდა მათ, რომ სწავლა-განათლება მიეღოთ. ის მრავალ მოსწავლეს თავის სახლში
აცხოვრებდა და სწავლის ქირას უხდიდა.
ერთხელ, გაბრიელ ეპისკოპოსი თავის ეპარქიაში მოგზაურობდა.
ამ დროს მას გზაზე ავაზაკი დაესხა თავს და გაძარცვა მოუნდომა. წმიდა გაბრიელმა ჯვარი
გადასახა ახალგაზრდას და თბილად უთხრა: შვილო, მე საწყალი ბერი გაბრიელ ეპისკოპოსი
ვარ და ფული სად მაქვს.
გაბრიელ ეპისკოპოსის სახელი თურმე ავაზაკსაც ჰქონია
გაგონილი და შეკრთა. ეპისკოპოსმა კი თბილად საუბარი განაგრძო, ასეთი საუცხოო ჭაბუკი,
სიცოცხლით და მშვენიერებით სავსე, რამ მიგიყვანა იმ ზომამდე, რომ ავაზაკად გავარდიო?
წამოდი ჩემთან და თუ რამე გჭირდება, მე გიპატრონებო. ჭაბუკმა თავიდან იუარა, ავაზაკობის
მეტი აღარაფერი დამრჩენია, აწი მე რაღა მიშველისო. თუმცა მღვდელმთავარი არ მოეშვა,
თან წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად განაწესა.
ეს ამბავი წლების შემდეგ გამჟღავნდა, მაშინ როცა ამ
კაცმა, უკვე მასწავლებელმა, შუა გაკვეთილზე გაიგო გაბრიელ ეპისკოპოსის სიკვდილი და
ტირილი აუვარდა. მაშინ მან ყველას უამბო თავისი თავგადასავალი.
გაბრიელ ეპისკოპოსი ხშირად მალავდა თავის კეთილ საქმეებს.
ერთელ ქუთაისში ტუსაღებითვის საცვლები შეაკერინა და თეთრ პურთან ერთად გაუგზავნა. თან
გააფრთხილა, მისი სახელი არავის ეხსენებინა.
ერთხელ კი ცოტა სასაცილო რამ შეემთხვა. ქუთაისში იგი
არქიელის გორაზე ცხოვრობდა. ერთ ზამთარს მისმა მორჩილმა შენიშნა, რომ ღამ-ღამობით შეშა
იკარგებოდა. მორჩილი დაუდარაჯდა. ღამით მართლაც გამოჩნდა კაცი, რომელმაც შეშა აიღო
და გაპარვას აპირებდა. მორჩილმა ზურგში ჩაარტყა „ქურდს“.
„ნელა, შე ოჯახაშენებულო“ - წამოიყვირა კაცმა. გაოგნებულმა
მორჩილმა იცნო გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა.
როგორც აღმოჩნდა, წმიდა მღვდელმთავარს ერთი მრავალშვილიანი
ოჯახისთვის მიჰქონდა ხოლმე შეშა.
ერთგულებისთვის არ დაგსჯიო, სიცილით უთხრა მას შემდგომ
გაბრიელმა.
წმიდა ბეთანიელი მამები იოანე (მაისურაძე) და გიორგი (მხეიძე) |
წმიდა ბეთანიელი მამები
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბეთანიის მონასტერში
ორი მოსაგრე ბერი ცხოვრობდა: მამა იოანე (მაისურაძე) და მამა გიორგი (მხეიძე). მამა
იოანე უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც რამდენიმე მორწმუნე ქალი აღდგომის მეორე დღეს
ბეთანიის მონასტერში ჩავიდა. მათ მამა გიორგის ლოცვა-კურთხევა სთხოვეს, რომ მამა იოანეს
საფლავზე სააღდგომო საგალობელი ეგალობათ. მორწმუნეებმა მართლაც იგალობეს და უკან დაბრუნდნენ.
მამა გიორგი მათ შეეკითხა, გაგცათ მამა იოანემ ხმაო?
მორწმუნეებმა გაოცებით უპასუხეს, არაო.
-აი,
მე კი შემეხმიანა, - თქვა მამა გიორგიმ, - აღდგომის ღამეს, როდესაც მასთან საფლავზე
მივედი, სძლისპირნი ვუგალობე და ვახარე: მამა იოანე, ქრისტე აღსდგა!
მამა იოანემ კი საფლავიდან მიპასუხა: ჭეშმარიტად აღსდგაო!
მამა იოანე და მამა გიორგი საქართველოს ეკლესიამ
2003 წელს წმიდანებად შერაცხა.
ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა - ლენჯერის ტაძრის ფრესკა, სვანეთი |
„მამებო და ძმებო! ქრისტე აღსდგა!“
კიევო-პეჩორის ლავრაში არსებობს გადმოცემა:
ერთხელ, აღდგომის ღამეს, ერთ-ერთი მღვდელმონაზონი, რომელიც
სააღდგომო ლიტურგიის მსახურებაში მონაწილეობდა, აკლდამაში შევიდა. მან იქ განსვენებულ
მოღვაწეთა წმიდა ნაწილებს საკმეველი უკმია. აკლდამაში შესვლისთანავე მღვდელმონაზონმა
ხმამაღლა შესძახა: „მამებო და ძმებო! ქრისტე აღსდგა!“.
სააღდგომო მისალმების პასუხად კი აკლდამაში ქუხილივით
გაისმა ხმა: „ჭეშმარიტად აღსდგა!“
ცოცხლები და გარდაცვლილები ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულის სიხარულმა გააერთიანა.
წმიდა დიდმოწამე გიორგის სასწაული
წმიდა
დიდმოწამე გიორგი ქრისტესთვის ბევრჯერ ეწამა, თუმცა მისი რწმენა ვერაფერმა შეარყია.
ყველანაირი სატანჯველისგან, უფლის შეწევნით, უვნებელი რჩებოდა. ბოლოს ქრისტიანობის
სასტიკმა მდევნელმა დიოკლეტიანემ გადაწვიტა ტკბილი სიტყვით დაემორჩილებინა წმიდა გიორგი
და უთხრა: ჩემი ღმერთები ხედავენ როგორ მენანება შენი ახალგაზრდობა, ვაჟკაცობა, გონიერება.
მე ვისურვებდი, რომ ჩემთან ერთად გემართა ჩვენი ქვეყანა და ჩემს სამეფოში მეორე ადამიანი
ყოფილიყავი. ოღონდ მოინდომე ჩემს ღმერთებს დაემორჩილე და შენს ტანჯვა-წამებას უზარმაზარ
მოწყალებად შევცვლი.
წმიდა დიდმოწამე გიორგი, ალავერდის ტაძრის ფრესკა |
წმიდა
გიორგიმ კი სთხოვა, ნება მიეცა ერთად შესულიყვნენ ტაძარში და ენახათ ღმერთები, რომელსაც
იმპერატორი თაყვანს სცემდა.
დიოკლეტიანე
სიხარულით დათანხმდა და ქურუმებისა და უამრავი ხალხის თანხლებით აპოლონის საკერპოში
შევიდა. მან კერპებისთვის შესაწირი მსხვერპლი მოამზადა და წმიდა გიორგის წინ დაუდო.
ყველა მოუთმენლად ელოდა რა მოხდებოდა. წმიდა გიორგი აპოლონის კერპს მიუახლოვდა, ხელი
აღმართა და როგორც ცოცხალს, ისე ჰკითხა: ეს შენ გინდა, როგორც ღმერთმა, მსხვერპლი ჩემგან
მიიღო? წინადადების დასრულებისთანავე წმიდანმა ჯვარი გადასახა კერპს.
აპოლონის
კერპში მცხოვრებმა ეშმაკმა კი უპასუხა: არა, მე ღმერთი არ ვარ და არც ისინი არიან ღმერთები,
რომლებიც მე მგვანან. ღმერთი მხოლოდ ერთია, ის ვისაც შენ ქადაგებ - იესო ქრისტე.
ამაზე
კი წმიდა გიორგიმ მიუგო: როგორ ბედავთ იქ ყოფნას, სადაც მე, ჭეშმარიტი ღმერთის მსახური
მოვედი?!
ამ
სიტყვების შემდეგ საშინელმა ხმაურმა შეძრა იქაურობა, კერპები ძირს დაენარცხა და დაიმსხვრა.
წმიდა იერემია წინასწარმეტყველი
წმიდა იერემია წინასწარმეტყველი ებრაელ ხალხს უქადაგებდა
და მოუწოდებდა, რომ ცოდვები შეენანათ და უწმიდური ცხოვრებისთვის თავი დაენებებინათ.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფლისგან მათ უმძიმესი სასჯელი ელოდათ, ებრაელ ხალხს მტერი
დაიპყრობდა და ბაბილონში ტყვედ წაიყვანდა, სადაც ისინი 70 წელს დაჰყოფდნენ.
ებრაელმა ერმა არ შეინანა, რის გამოც აღსრულდა წინასწარმეტყველება
და ბაბილონის მეფემ ტყვედ აიყვანა ებრაელთა მეფე, თუმცა იერუსალიმი არ დაუნგრევია და
არც სამეფო აუოხრებია. როდესაც ეს მოხდა, წმიდა იერემია წინასწარმეტყველმა მოუწოდა
ებრაელ ერს, რომ დამპყრობელს დამორჩილებოდა, რადგან უფალმა ამით ისინი ცოდვების გამო
დასაჯა. წმიდა წინასწარმეტყველი მოძღვრავდა ერს, რომ ერთადერთი საშუალება უბედურებისგან
თავის დასაღწევად სინანული და უფლისადმი ლოცვა იყო. მიუხედავად ამისა არც მეფემ და
არც ხალხმა არ შეისმინა წინასწარმეტყველის სიტყვები და დამპყრობლებს აუჯანყდნენ. ბაბილონის
მეფემ აიღო იერუსალიმი, გაძარცვა ჯარი, გადაწვა ქალაქი და სოლომონის ტაძარი დაანგრია.
ებრაელებს მხოლოდ ეს სალოცავი - სოლომონის ტაძარი ჰქონდათ, სადაც ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ
და მსხვერპლს სწირავდნენ.
ეს მოხდა ქრისტეს შობამდე 585 წელს. ებრაელი ერი ბაბილონში
ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ ყველაზე გლახაკები დატოვეს მიწის დასამუშავებლად. წმიდა იერემია
წინასწარმეტყველი იერუსალიმში დარჩა, იერუსალიმის ნანგრევებზე გოდებდა და ერის დარჩენილი
ნაწილის დამოძღვრას განაგრძობდა.
წმიდა დავით წინასწარმეტყველი სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკა |
უფალი მეფობს
წმიდა დავით წინასწარმეტყველი, როდესაც გამეფდა, ხალხი
მას ადიდებდა. წმიდა მეფემ დიდებულებს მოუხმო და უთხრა: „გადაეცით ყველას, რომ უფალი
მეფობს!“ ამით მას იმის თქმა სურდა, რომ მეუფე მხოლოდ უზენაესი შემოქმედია, ყოველი
ადამიანი კი, თუნდაც მეფე, მხოლოდ მისი ნების აღმსრულებელი უნდა იყოს. წმიდა დავით
წინასწარმეტყველის ეს მაგალითი თავმდაბლობასა და მორჩილებას გვასწავლის. ეს ის განსაკუთრებული
თვისებებია, რომელიც ყოველ ქრისტიანს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს.
წმიდა ნოე |
ნოეს ვაჟები. ბაბილონის გოდოლი
წარღვნის შემდეგ კაცობრიობა ნოეს შვილებისგან გამრავლდა.
ნოეს სამი ვაჟი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. ერთხელ ქამი ნოეს უღირსად მოექცა. მამამ
კი უთხრა: ამიერიდან შენ და შენი შთამომავლობა მუდამ შენი ძმების მოდგმის მსახურები
იქნებითო. სემის მოდგმა - ებრაელები, არაბები, ეთიოპიელები და აზიის ზოგიერთი სხვა
ერებია, იაფეტის - ევროპელები, ქამიტებს კი აზიის დანარჩენ ნაწილს და აფრიკის მოსახლეობას
უწოდებენ.
ბაბილონის გოდოლი |
გავიდა დრო და სწორედ ქამიტებმა, ამპარტავნებით აღვსილმა
ქამის შთამომავლებმა იწყეს ქანაანში დიდი მშენებლობა. მათ ისეთი კოშკის აგება მოისურვეს,
რომ სიმაღლით ცას ასწვდენოდა. ასე დაიწყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობა. გოდოლს აგურებით
აშენებდნენ. კოშკი სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. უფლისთვის არ იყო სათნო მათი ასეთი
საქციელი, რადგან ბაბილონის გოდოლის სიმაღლესთან ერთად, მშენებელთა ამპარტავნებაც იზრდებოდა.
ხალხში ცოდვამ იმატა. რადგან ქამიტები კეთილი საქმისთვის არ იყვნენ შეკრებილები, მათმა
ერთობამ ბოროტი ნაყოფი გამოიღო. უფალმა მშენებლები სხვადასხვა ენაზე აამეტყველა, მათ
ვეღარ გაუგეს ერთმანეთს, ამიტომ მიატოვეს სამუშაო და სხვადასხვა მხარეს წავიდნენ. ასე
აღკვეთა უფალმა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა. სიტყვა „ბაბილონი“ აღრევას ნიშნავს.
უფალმა კაცთა მოდგმა ერებად დაჰყო. ყველა ერს დედამიწაზე თავისი ადგილი მიუჩინა, თავისი მიზანი დაუსახა და თავის ენაზე აამეტყველა.
წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი |
თბილისის მფარველები
თბილისი ღვთივკურთხეული ქალაქია. მას უამრავი წმიდანი
მფარველობს. საქართველოს დედაქალაქი წმიდა მეფე ვახტანგ დიდმა გორგასალმა დააარსა და
სამეფო ტახტი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. ქრისტიანობისთვის აქ ეწამნენ და განისვენებენ
წმიდა დედოფალი შუშანიკი, წმიდა აბო თბილელი. დამპყრობელ ჯალალედინის დროს ასი ათასი
თბილისელი შეეწირა ქრისტიანული რელიგიის დაცვას.
მამა დავითის ეკლესია, რომელიც თბილისს ზემოდან დაჰყურებს,
წმიდა დავით გარეჯელმა ააგო. აგრეთვე მის სახელთან არის დაკავშირებული ქაშუეთის ეკლესიაც.
წმიდა დავით გარეჯელი დიდხანს მოღვაწეობდა ჩვენს დედაქალაქში და თბილისის მფარველ წმიდანად
ითვლება.
თბილისში ბევრი წმიდანი განისვენებს - წმიდა ევდემოზ
კათოლიკოსი (ანჩისხატი), წმიდა იოანე მანგლელი, წმიდა ამბროსი აღმსარებელი, წმიდა მღვდელმოწამე
კირიონი (სიონი).
ისინი ზეციურ საქართველოში არიან და იქედან ლოცულობენ
ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქისთვის.
*
* *
კლარჯეთის მამათა სასწაულები
ერთხელ წმიდა მამა გრიგოლ ხანძთელი თავის სენაკში იყო.
ამ კელიაში არც მას და არც მის ძმებს კანდელი
არასდროს დაენთოთ. ერთხელ ცისკრის დროს დეკანოზმა მნათეს სთხოვა ნეტარ გრიგოლთან მისულიყო
და გაეგო, ეძინა თუ არა. როდესაც მნათე წმიდა მამის სენაკს მიუახლოვდა, იქედან გამომავალი
ძლიერი შუქი შენიშნა და სასწრაფოდ ყვირილით გაიქცა, წმიდა მამის სენაკს ცეცხლი უკიდიაო.
დეკანოზმა კი დაამშვიდა მნათე და უთხრა: „დადუმდი, შვილო
ჩემო, და ნუ გეშინია! ეს არ არის დამწველი ცეცხლი, არამედ სულიწმიდაა - განმანათლებელი.“
ამ დეკანოზს ადრეც ბევრჯერ ეხილა ნეტარი გრიგოლის ეს
დიდებულება. ერთხელ მან კედლის ნაპრალიდან დაინახა, როგორ გადმოდიოდა წმიდა მამის სხეულზე
ჯვრის სახით ნათლის სვეტი. სულიწმიდის მადლით იყო შემკული და მზესავით ბრწყინავდა.
ამის მხილველი სიხარულით აღსავსე დეკანოზი ჰმადლობდა უფალს და ბრძანა შეეყოვნებინათ
ჟამის-წირვის დაწყება, ბრწყინვალე ხილვის დასრულებამდე.
წმიდა მამა გრიგოლ ხანძთელი |
ერთხელ
ხანძთაში ძმები შეშას ეზიდებოდნენ. ნეტარი გრიგოლიც მათთან ერთად იყო. ერთი მოხუცი
ბერი კი სწორედ იმ ადგილას გადავიდა, საიდანაც მორებს აგორებდნენ. მონასტრის ძმებმა
მოხუცი ბერი ვერ შენიშნეს და სწორედ ამ დროს დიდი მორი დააგორეს.
მოხუცმა
ძმამ მისკენ მომავალი დიდი მორი, რომ დაინახა, შეშინდა, გაქცევა ვეღარ შეძლო და ხმამაღლა
დაიძახა: „მამაო, შემეწიე!“
წმიდა
გრიგოლმა ჯვარი გადასახა მორს და სთქვა: „ქრისტეს სახელით, დადექ, ძელო!“ მისმა სიტყვებმა, როგორც უძრავმა კლდემ, ისე შეაყენა
დაფერდებულ ადგილზე მორები. წმიდა გრიგოლმა უბრძანა მოხუც ბერს, სწრაფად გასცლოდა იქაურობას.
ამ სასწაულის მხილველი მონასტრის ძმები კი დიდხანს ადიდებდნენ უფალს.
წმიდა
ადამიანს ცხოველებიც ემორჩილებიან
წმიდა
აბბა ბინა მდინარის ნაპირას განმარტოებით ცხოვრობდა. იქვე ახლოს გლეხების მინდვრები
იყო. ერთხელ ვიღაცამ ნათესების განადგურება დაიწყო. შეშინებული გლეხები წმიდანთან მივიდნენ
და დახმარება სთხოვეს.
აბბა ბინა მდინარის პირას მივიდა, გაჩერდა და წყნარი
ხმით წარმოთქვა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, აღარ გაანადგურო ამ ხალხის მინდვრები.
ამ
დროს წყლიდან უზარმაზარი ბეჰემოტი გამოჩნდა, რომელმაც წმიდანს თანხმობის ნიშნად თავი
დაუქნია და შორს გასცურა. ამის შემდეგ იგი ამ მხარეში აღარავის უნახავს.
წმიდა ნიკოლოზის სასწაული
შავი ზღვის ნაპირას, ერთ ქალაქში სარკინოზები ცხოვრობდნენ.
მათ ქალაქს ბერძნების ქალაქიდან შავი ზღვის სრუტე ჰყოფდა. ამ შავიზღვიპირა ქალაქის
ერთ-ერთი მაცხოვრებელი მდიდარი სარკინოზი ზღვაზე სეირნობისას ბერძნებმა შეიპყრეს და
საპყრობილეში ჩააგდეს.
საპყრობილეში მდიდარ სარკინოზს ესმოდა სხვა პატიმრები,
როგორ მიმართავდნენ ვინმე ნიკოლოზს და დახმარებას სთხოვდნენ მას. ერთხელ ვეღარ მოითმინა
და პატიმრებს ჰკითხა წმიდა ნიკოლოზის ვინაობა. ერთ-ერთმა ტუსაღმა კი ყველაფერი უამბო
სარკინოზს წმიდა ნიკოლოზის შესახებ, რაც კი იცოდა და ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი
ჭეშმარიტებები გაუზიარა მას.
წმიდა ნიკოლოზი, სვანეთის მუზეუმი |
სარკინოზი ქრისტიანის ნაამბობმა ძალიან ააღელვა. ღამით
თვითონაც დაიწყო ლოცვა და წრფელი გულით შეევედრა უფალს: უფალო, თუ შენ მართლა ჩვენს
სახსნელად ჩამოხვედი დედამიწაზე, მაშინ გამომიგზავნე მხსნელად წმიდა ნიკოლოზი, რომ
ამ ტყვეობიდან გამათავისუფლოს და მაშინ გპირდები, რომ მთელ ჩემს ოჯახთან ერთად გავქრისტიანდებიო.
სარკინოზს ამ ლოცვებში ჩაეძინა. სიზმარში წმიდა ნიკოლოზი
იხილა. წმიდა ნიკოლოზი მის ბორკილებს შეეხო და უთხრა: ქრისტე, რომელსაც შენ დახმარება
სთხოვე, გათავისუფლებს. წადი მშვიდობით და უფლისთვის მიცემული აღთქმის შესრულება არ
დაგავიწყდეს.
წმიდა ნიკოლოზის ამ სიტყვებზე სარკინოზს გამოეღვიძა
და ნახა, რომ თავის სახლში წევს. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. გონს, რომ მოეგო
და დამშვიდდა, ცოლ-შვილთან ერთად მადლობა შესწირა უფალს გადარჩენისთვის.
ეს ამბავი ძალიან სწრაფად გავრცელდა სარკინოზთა ქალაქში
და უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე. მდიდარ სარკინოზს მეორე ღამითაც გამოეცხადა
წმიდა ნიკოლოზი და უთხრა, რომ სასწრფაოდ წასულიყო ბერძნებთან და ეამბნა მათთვის, როგორ
გაათავისუფლა იგი წმიდა ნიკოლოზმა. რადგან ბერძნებს ეგონათ, რომ სარკინოზი საპყრობილის
დარაჯებმა გაათავისუფლეს და მათ უპირებდნენ დასჯას. წმიდანმა ამავდროულად დაამშვიდა
სარკინოზი, რომ მას ბერძნები ვერაფერს გაუბედავდნენ, რადგან თავად იქნებოდა მასთან
ერთად.
სარკინოზმა ამ ხილვის შესახებ მეუღლეს უამბო. ცოლი ევედრებოდა
მას, რომ აღარ წასულიყო ბერძნებთან, ეშინოდა, რომ მის ქმარს ისევ შეიპყრობდნენ. თუმცა
მან ყური არ ათხოვა ცოლის მუდარას და უთხრა: წმიდა ნიკოლოზს შეუძლია მეორედაც მიხსნას
საფრთხისგანო.
ასე დააიმედა სარკონოზმა მეუღლე, ჩაჯდა ნავში და მტრის
ქალაქისკენ გასცურა. იქ მისულმა უამბო მათ თავს გადამხდარი სასწაულის შესახებ. ბერძნებმა
უდანაშაულოდ შეპყრობილი დარაჯები სასწრაფოდ გაათავისუფლეს. გახარებული სარკინოზი მაშინვე
ჩაჯდა ნავში და თავისი ქალაქისკენ გასცურა. ბერძნები ნავებით დაედევნენ მას, რათა მეორედ
ისევ შეეპყროთ. თუმცა წმიდა ნიკოლოზის მფარველობით სარკინოზი მშვიდობით დაბრუნდა შინ.
სულ მალე მან უფლისადმი მიცემული აღთქმა შეასრულა, იერუსალიმში გაემგზავრა ოჯახთან
ერთად და მოინათლა.
მეფის სტუმრობა გლეხის ქოხში
ეს ამბავი სამი საუკუნის წინ მოხდა. იმ ხანად საქართველო
არ იყო ისეთი ერთიანი და ძლიერი, როგორც დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს.
იმ პერიოდის საქართველო რვა ნაწილად იყო დაყოფილი და ამ ნაწილების მბრძანებლები ხშირად
ებრძოდნენ ერთმანეთს. დაუძლურებულ ქვეყანას კი მტერი ადვილად ერეოდა.
ქართლის მეფე სვიმონმა მთელი საქართველოს გაერთიანება
მოინდომა. მან ჯერ რაჭა, შემდეგ კი იმერეთი დაიპყრო. იმერეთის მეფე როსტომი თავისი
ჯარით სიმამრთან, სამეგრელოს მთავარ დადიანთან გაიქცა და დახმარება სთხოვა. მთავარმა
დადიანმა იცოდა, რომ კარგად შეიარაღებულ მეფე სვიმონთან ვერაფერს გახდებოდა და ზავის
ჩამოგდება გადაწყვიტა. მან მეფეს მოციქულის პირით შეუთვალა, რომ თუ პატივს დასდებდა,
როსტომს შეირიგებდა და სარჩო მამულს უბოძებდა, იგიცა და როსტომიც მეფის მორჩილნი იქნებოდნენ.
კავთისხევი |
სვიმონ მეფე ძალიან გამბედავი და უშიშარი მეომარი იყო,
ქვეყნისთვის თავს არ ზოგავდა, უყვარდა ხალხი და ყოველთვის მათ კეთილდღეობაზე ზრუნავდა.
თუმცა ისევე, როგორც ყველა ადმიანს, მასაც ჰქონდა სისუსტე და ზოგჯერ დაუფიქრებლად იქცეოდა.
ამჯერადაც იგი სიამაყით მოეკიდა დადიანის შემოთავაზებას, უარი შეუთვალა და სრული დამორჩილბა
მოსთხოვა. ეს უარი იწყინეს და არამართებულად ჩათვალეს როგორც იმერლებმა, აგრეთვე ქართლელებმაც.
სამეგრელოს მთავარმა ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და გამთენიისას თავს დაესხა სვიმონ
მეფეს ჭაობიან ადგილას. ასეთ მდგომარეობაში ქართლელები დამარცხდნენ და მათი იარაღი
- ზარბაზნები მეგრელებს ჩაუვარდათ ხელში.
მეფე სვიმონმა ტყვედ, რომ არ ჩავარდნილიყო, ჩუმად, სულ
მარტომ გასწია აღმოსავლეთისკენ. მან სწრაფად გადალახა სამეგრელო, იმერეთი და თბილისს
მოახლოებულს კავთისხევთან დაუღამდა. მეფე თავად-აზნაურებს მოერიდა, გლეხის ქოხს მიადგა.
იგი მასპინძელს ისე გაეცნო, როგორც დასავლეთიდან მომავალი ერთი უბრალო კეთილშობილი
ადამიანი. დიასახლისმა ტკბილად მიიღო სტუმარი, მცირე ვახშამიც მიართვა. შემდეგ კი ლაშქრობისა
და მეფის ჯანმრთელობის ამბავი მოჰკითხა მას. სტუმარმა კი უპასუხა, რომ მეფისა და ლაშქრობის
შესახებ არაფერი იცოდა.
ქალი დაამწუხრა ამ ამბავმა. იგი მეფეს უფრო დარდობდა,
ვიდრე თავის ქმარ-შვილს. ეს ამბავი სვიმონ მეფეს მალამოდ მოედო დაწყლულებულ გულზე.
სტუმარმა უარი უთხრა დიასახლისს გულწრფელ მიპატიჟებაზე, ღამე მათ ოჯახში გაეთია და
თბილისისკენ გაანგრძო გზა.
სულ მალე ამ დიასახლისის ქმარ-შვილი უვნებელი დაბრუნდა
ლაშქრობიდან. დიასახლისმა მათ უამბო უცნაური სტუმრის შესახებ და ყველა მისი ნიშანიც
დაუსახელა. შინ ახალდაბრუნებული მეომრები გაოგნდნენ, როდესაც მიხვდნენ, რომ მათი ოჯახის
სტუმარი თავად სვიმონ მეფე იყო.
ერთ კვირა დილას მთელი სოფელი გარეთ იყო გამოფენილი.
უეცრად აღმოსავლეთიდან ულამაზესი ეტლი შემოვიდა, რომელსაც წინ ცხენოსანი მოუძღოდა.
მან გლეხი ქვლივიძის სახლი იკითხა. როდესაც მიანიშნეს ქვლივიძის ოჯახზე, ცხენოსანმა
ოჯახს სვიმონ მეფის მიერ კარგი მასპინძლობისთვის გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა და
წყალობის სიგელიც მიართვა, რომლითაც მათ აზნაურობა ენიჭებოდათ. გლეხი ქვლივიძის ოჯახი
ძალიან დააბნია ამ მოულოდნელმა სიხარულმა.
ამ გლეხის შთამომავლები დღესაც სახლობენ სოფელ კავთისხევში
და აზნაურ ქვლივიძეებად იწოდებიან.
წმიდა მამის დარიგება
ერთხელ ათონის წმიდა მთაზე დიდი გვალვა დაიწყო. მთელმა
ზაფხულმა ისე ჩაიარა, რომ ერთხელ არ უწვიმია. მიწა ძალიან გამოშრა, ხისა და ვაზის ფოთლები
გახმა და ცვენა დაიწყო. ხალხი საგონებელში ჩავარდა.
მალე წმიდა ელია წინასწარმეტყველის დღესასწაულიც მოახლოვდა.
ქართველმა ბერებმა გადაწყვიტეს წირვა ქართველთა მონასტრის მახლობლად, წმიდა ელია წინასწარმეტყველის
სახელობის ეკლესიაში შეესრულებინათ.
წმიდა ელია წინასწარმეტყველი სინას მთის წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი |
დილით ადრე მამა იოანე მთაწმინდელმა თავის შვილს, ექვთიმეს
უთხრა: „წაიყვანე ძმები და წადი წმიდა ელიას ტაძარში, ღამე გაათიეთ და წირვა აღასრულეთ.“
იქვე შეკრებილ
მამებს კი ნეტარმა ხუმრობით უთხრა: „ყრმანო, საწვიმრებიც თან წაიღეთ, რადგან ამაოდ
არ მოგიწიოთ წასვლა და უკან არ დაბრუნდეთ.“
მამები წავიდნენ წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის
ეკლესიაში და ღამე გაათენეს. წირვის დროს სახარების წაკითხვისას, მთის მწვერვალს ზევით
პატარა ღრუბელი გამოჩნდა. სულ მალე ცა ღრუბლებმა დაფარა და ზიარებამდე ისეთი ძლიერი
წვიმა წამოვიდა, რომ ირგვლივ მიწა სულ დაალბო. ამ სასწაულის მხილველი მამები უფალს
ხელაპყრობილნი სწირავდნენ მადლობას. წირვის დასრულების შემდეგ კი მონასტრისკენ წამოვიდნენ.
ის ძმები, რომლებსაც საწვიმრები ჰქონდათ, იოლად დაბრუნდნენ მონასტერში, ხოლო ვინც მამა
იოანეს სიტყვებს ყური არ ათხოვა, დასველდნენ. თუმცა მაინც ყველა მადლობას სწირავდა
უფალსა და ნეტარ მამა იოანეს ამ უსაზღვრო წყალობისათვის.
შრომა და ლოცვა
ერთხელ წმიდა ანტონი დიდი ცუდმა გულისთქმებმა და მოწყენილობამ
შეაწუხა. მას ძალიან შეეშინდა ამ მდგმარეობას და უფალს შეევედრა, შეწეოდა მას ცხონებაში
და ეჩვენებინა გზა, როგორ აღდგომოდა წინ ამ ბოროტ გულისთქმებს.
წმიდა ანტონი დიდი |
ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ანტონი დიდი სენაკიდან გამოვიდა
და იქვე უცნობი კაცი შენიშნა, რომელიც იჯდა და გოდორს წნავდა. შემდეგ იგი ადგა, ილოცა
და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ისევ იგივე გაიმეორა.
ეს უცნობი კაცი ღვთის ანგელოზი იყო, რომელიც უფალმა წმიდა ანტონის განსწავლისათვის
გამოუგზავნა. ანგელოზმა წმიდა მამას უთხრა: „აი, ასე მოიქეცი და ცხონდები.“
ანგელოზის ამ სიტყვების გაგონებაზე წმიდა ანტონი დიდი
სიხარულითა და იმედით აივსო და მას შემდეგ მუდამ ასე იქცეოდა. მოგვიანებით კი წმიდა
მამა ყველას ამას ასწავლიდა და ეუბნებოდა: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ და სადაც არ უნდა
იყოთ, მუდამ გახსოვდეთ შრომა და ლოცვა. ილოცეთ მუდამ თქვენი სულის საცხოვნებლად და
იშრომეთ თქვენდა და სხვათა სასარგებლოდ. შრომა და ლოცვა ერთად ერთმანეთს აძლიერებს;
ლოცვა გვაძლევს ძალას შრომისთვის, ხოლო შრომა გაფანტავს მავნე და ბოროტ გულისთქმას
და გონებას სალოცავად განაწყობს და ყურადღებასა და გულმოდგინებას სძენს. შრომა და ლოცვა
ერთმანეთს ეხმარება და ადამიანიც ნაკლებად იღლება, რადგან ლოცვით გაძლიერებულს მეტის
გაკეთება შეუძლია. ნეტარია ის კაცი, რომელიც შრომასა და ლოცვას წესად გაიხდის და რომლის
გულშიც ეს წესი არასოდეს დაირღვევა.“
თითოეულმა ადამიანმა ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ
ლოცვა და შრომა. მშრომელი ადამიანი კი არასდროს არ იქნება ბოროტი.
მოყვასის დახმარება
წმიდა მიქაელ პარეხელი, რომელიც კლარჯეთის მონასტერში
ცხოვრობდა, გადაწვიტა ხანძთაში განმარტოებული ადგილი მოეძებნა და იქ გაეგრძელებია თავისი
ბერული ცხოვრება. წმიდა მამამ მალე იპოვა ასეთი ადგილი ბერთას გამოქვაბულში, გადაწვიტა
იქ დარჩენილიყო და იქედან გაეგრძელებინა ქრისტეს მსახურება. ეს რომ ეშმაკმა დაინახა,
ძალიან შეწუხდა და ცხადად თუ ფარულად დაუწყო დაბრკოლება წმიდა მიქაელს და აიძულებდა
დაეტოვებინა უდაბნო.
წმიდა მამა დიდი მოთმინებით, დაუღალავად უმკლავდებოდა
ბოროტის შემოტევებს და ქრისტეს, დედა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმიდა სახელით ებრძოდა
ეშმაკს. ერთხელ, როდესაც წმიდა მიქაელი სენაკიდან მოშორებით მაღალ მთაზე იდგა, ეშმაკმა
ზემოდან დიდი ქვა გადმოაგდო. ღმერთმა წმიდა ბერი უვნებლად გადაარჩინა.
წმიდა მამა მიქაელ პარეხელი |
წმიდა მიქაელი ძალიან დიდი წმიდა ბერი იყო, რომელიც
უამრავ სასწაულს აღასრულებდა. თუმცა, იგი მიენდო უფლის ნებას, არ გაამაყდა და ეშმაკთან
ბრძოლით დაღლილმა, მოწაფე გაუგზავნა თავის სულიერ მოძღვარს - წმიდა გრიგოლ ხანძთელს
და ბოროტი სულისაგან მოვლენილი ყველა განსაცდელის შესახებ უამბო მას.
წმიდა გრიგოლმა ეს, რომ გაიგო, სასწრაფოდ მივიდა სულიერ
ძმასთან და გაამხნევა იგი. წმიდა მიქაელის დასაცავად და ეშმაკის დასამარცხებლად საკუთარი
ხელით გააკეთა ბოროტების დამთრგუნველი ორი დიდი ხის ჯვარი. სენაკიდან მოშორებით აღმართა
ეს ჯვრები, ბერს შემოუსაზღვრა და ასე დაარიგა: „ქრისტეს ამ ორ ჯვარს შუა უშიშრად იცხოვრე
წმიდა სამებისა და პატიოსანი ჯვრის შეწევნით. თუ გადაცილდები მათ, იცოდე, ბოროტი უფრო
მეტად შეგებრძოლება.“
შემდეგ წმიდა მამებმა ერთად ილოცეს და მამა გრიგოლი
ხანძთის მონასტერში დაბრუნდა. ნეტარი მიქაელი კი თავმდაბლად დაემორჩილა სულიერი მოძღვრისა
და სულიერი მეგობრის სიტყვებს, სიმშვიდე მოიპოვა და დაამარცხა ამპარტავნების ვნება.
ასე დაძლია წმიდა მიქაელმა, ღვთის მადლით, ეშმაკის ვნებები. ამის შემდეგ იგი პარეხში
მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა, ადიდებდა უფალს და აძლიერებდა მონასტერს. გარდაცვალების
შემდეგ წმიდა მამა იქვე დაკრძალეს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი |
პატარა გიორგის შეხვედრა წმიდა ილია მართალთან
გამოჩენილი მოღვაწის,
ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი იხსენებდა:
„ერთ მშვენიერ დღეს ძიძასთან ერთად ვეწვიეთ ილია ჭავჭავაძის ოჯახს თბილისში. ძია ილიამ
და მისმა მეუღლემ ალერსიანად მიგვიღეს და ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ. შემდეგ ილიამ
ბავშვები თავის სამუშაო ოთახში შეგვიყვანა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ოთახის
მორთულობამ, ყურადღებით ვათვალიერებდით ბრჭყვიალა ჩარჩოებში ჩასმულ ლამაზ სურათებს.
მასპინძელი გაღიმებული გვიყურებდა და სურათების შესახებ გვესაუბრებოდა.
ყველაზე მეტ ყურადღებას ჩემი ძმა, გიორგი იჩენდა. ილიამ
შენიშნა, თუ როგორ გაჩერდა გიორგი საწერ მაგიდასთან ახლოს და ყოველ ნივთს განსაკუთრებული
ინტერესით დაუწყო მზერა.
-რა გაინტერესებს, შვილო, მანდ? - ჰკითხა ძია ილიამ.
-მე ის კალამი მინდა ვნახო, რომლითაც თქვენ „ტყემ მოისხა
ფოთოლი“ დაწერეთ!
ილიას გაეღიმა, სამზარეულოში გავიდა, იქიდან ინდაურის
ფრთის ღერი გამოიტანა, ჩვენს თვალწინ ლამაზად გათალა, გაუწოდა გიორგის და უთხრა:
-აი, ასეთი კალმით დავწერე „ტყემ მოისხა ფოთოლი“. თუ
გინდა, ამ კალამს ახლა შენ გაჩუქებ, წაიღე, შენი იყოს!“
პატარა გიორგი არ დაბნეულა, მაშინვე კეთილ ძიას უპასუხა:
-დიდი მადლობა, მაგრამ მე ეგ კალამი არ მინდა, თქვენ
გქონდეთ. კიდევ დაწერეთ ლექსები... მე კი „მაშინისტი“ უნდა გამოვიდე.
ილია არ მოელოდა ბავშვის ასეთ პასუხს, გაოცდა, სიყვარულით
თავზე ხელი გადაუსვა პატარა გიორგის და მერე უფროსებთან თქვა: ეს ბავშვი უთუოდ ნიჭიერი
კაცი დადგება და ახალი დროის ღირსეული მოქალაქე იქნებაო.
დიდი ილიას წინასწარმეტყველება გამართლდა: ბავშვობიდანვე
ტექნიკით გატაცებული გიორგი შესანიშნავი მეცნიერი დადგა და მათემატიკის დარგში მრავალი
მნიშვნელოვანი შრომით მოიხვეჭა ქვეყნად სახელი.“
კეთილი საქმე
ერთ უდაბნოში ცხოვრობდა ბერი - ღირსი მოსე. ადრე ის
ავაზაკი იყო, მაგრამ ღვთის წყალობით, კეთილ გზაზე დადგა და კეთილმორწმუნე ადამიანი
გახდა. მან იმდენად გაითქვა სახელი თავისი კეთილი საქმეებით, რომ ხშირად ბერები მასთან
რჩევა-დარიგების მისაღებად მიდიოდნენ.
ღირსი მოსე |
ღირსი მოსე ყოველ ღამით სენაკიდან გამოდიოდა. იგი ბერების
სენაკებს ჩამოუვლიდა, თუკი სადმე გარეთ გამოდგმულ წყლის ჭურჭელს ნახავდა, ყველას წყლის
აუვსებდა და ისე დაუდგამდა. წყალი იმ უდაბნოში მოშორებით იყო და მოხუცებულ ბერებს თავისთვის
წყლის მოტანა უჭირდათ და არ შეეძლოთ. აი, ასე ფარულად მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად
წმიდა ბერი.
ღირსი მოსეს ცხოვრება კი ჩვენთვის მაგალითია იმისა,
თუ როგორ უნდა შევეწიოთ ჩვენი შრომით სხვა ადამიანებს. შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანთან
იყოს შორიახლოს მარტოხელა მოხუცი, რომლისთვისაც ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეგვიძლია.
მათთვის ჩვენგან სულ უბრალო მოკითხვა და თბილის სიტყვაც კი ძალიან დიდი ნუგეში და სიხარულია.
ავადმყოფი დიაკვნის განკურნება
მე-19 საუკუნის დასასრულს ერთ მონასტერში 35 წლის ბერდიაკონი
იაკობი მოღვაწეობდა. იგი უეცრად ავად გახდა და ფეხები წაერთვა. ბერდიაკონი ძალიან განიცდიდა
თავის ავადმყოფობას.
ერთხელ, შუაღამისას, როდესაც მამა იაკობი მონასტრის
საავადმყოფოში იწვა, მწუხარების გასაქარვებლად ლოცვა დაიწყო და მთელი გულით ევედრებოდა
უფალს დახმარებას. უცებ მან დაინახა როგორ აივსო ოთახი ნათლით და მის წინ ვიღაც ჭაბუკი
აღიმართა, რომელმაც უთხრა: უფლის განგებას დაემორჩილე, ნუ ითხოვ განკურნებასა და სიცოცხლის
გახანგრძლივებას. მხოლოდ უფალს მიენდე; უფალს, რომელიც ყოველივეს ჩვენს სასიკეთოდ აღასრულებს.
ამის შემდეგ ანგელოზი უხილავი გახდა.
დამშვიდებულმა მამა იაკობმა გადაწყვიტა, ენახა, სად
წავიდა ანგელოზი. იგი საწოლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და რაფას დაეყრდნო. როგორც
ღვთაებრივი სინათლის სხივები მიუთითებდნენ, წმიდა ანგელოზი ყოვლადწმიდა სამების ტაძრისკენ
გაემართა. ხილვის დასრულების შემდეგ საავადმყოფოს ოთახში მომვლელი შემოვიდა, რომელიც
ძალიან გააოცა უძლური ავადმყოფის ფანჯარასთან დანახვამ.
მამა იაკობმა მას ყველაფერი უამბო და ორივე ერთად ადიდებდა
სიკეთის მომნიჭებელ უფალ იესო ქრისტეს.
წმიდა მაკარი და აფთარი
ალექსანდრიის ერთ-ერთ უდაბნოში ცხოვრობდა ერთი წმიდა
მამა, სახელად მაკარი. იგი ერთ მივარდნილ გამოქვაბულში ცხოვრობდა და მთელ დღეებს ლოცვასა
და მარხვაში ატარებდა. მისი გამოქვაბულის შორიახლოს სორო ჰქონდა გაკეთებული ერთ აფთარს.
ერთხელ, როდესაც წმიდა მაკარი ლოცულობდა, მას აფთარი
მიუახლოვდა, კბილები კაბაში ჩაავლო და გასასვლელისკენ ექაჩებოდა. წმიდა მამას გაუკვირდა,
ვერ მიხვდა, რატომ იქცეოდა მხეცი ასე და გაჰყვა მას. აფთარმა წმიდა მაკარი თავის ბუნაგთან
მიიყვანა, შიგ შეძვრა, იქედან სამი უსინათლო ლეკვი გამოიყვანა და წმიდანს ფეხებთან
დაუსვა.
წმიდა მაკარი კიდევ უფრო გაოცდა, შემდეგ ხელები ზეცისკენ
აღაპყრო და უფალს ლეკვებისთვის თვალისჩინის დაბრუნება სთხოვა. ღმერთმა ისმინა წმიდა
მამის ლოცვა და აფთრის ლეკვებს თვალები აეხილათ. წმიდა მაკარიმ ლეკვები დედას მისცა
და თვითონ თავის გამოქვაბულში დაბრუნდა.
საღამოს აფთარი კვლავ მივიდა წმიდა მამის გამოქვაბულთან
და თან პირით ვერძის ტყავს მოათრევდა. იგი შევიდა გამოქვაბულში, მაკარის ფეხებთან მოწიწებით
დააფინა ვერძის ტყავი, თავი დაუხარა და უკან გაბრუნდა. ასეთი სახით შესწირა მხეცმა
მადლობა წმიდა მამას.
ლოცვა მტერთათვის
წმიდა ქალწული ფავსტა კეთილშობილ, მორწმუნე ოჯახში იზრდებოდა.
იგი 13 წლის იყო, როდესაც ქრისტეს სარწმუნოების გამო შეიპყრეს. პატარა გოგონა კერპთაყვანისმცემელ
სახელმწიფო მოხელეს ევილას გადასცეს საწამებლად. წმიდა ფავსტას სიმშვიდემ, უბრალოებამ,
მოთმინებამ იმდენად იმოქმედა უსჯულო მოხელეზე, რომ მან ქრისტე იწამა და ფავსტა გაათავისუფლა.
ეს, რომ იმპერატორმა მაქსიმიანემ შეიტყო, ძალიან განრისხდა და ევილა სიკვდილით დასაჯა.
ფავსტას წამება კი სხვა მოხელეს დაავალა. ფავსტა ადიდებდა უფალს და უსჯულო იმპერატორის
შეწყალებას ევედრებოდა: „გმადლობ შენ, იესო ტკბილო, რომ მე შენი წმიდა სახელის აღიარების
ღირსი გამხადე. კიდევ, გევედრები შენ, შეიყვარე ჩემი მწვალებელი მაქსიმიანე, განანათლე
იგი სარწმუნოებითა და განამტკიცე შიშსა შინა შენსა.“
პატარა წმიდანის ამ სიტყვებმა მოალბო მოხელის გული და
მანაც ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოხელემ აღარ აწამა ფავსტა, რის გამოც იგი
ევილას მსგავსად აწამეს.
ბოლოს ქალწული ფავსტაც მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა
ფავსტას მიერ მოქცეული სახელმწიფო მოხელეები კი მოწამეობრივად აღესრულნენ და მოწამეთა
დასს შეუერთდნენ.
წმიდა იოანე ზედაზნელი |
იოანე ზედაზნელი და დათვები
წმიდა იოანე ზედაზნელის ლოცვით ზედაზნის მთაზე ანკარა
წყარო აღმოცენდა. მონასტრის ძმებს წყლის მოსატანად შორს წასვლა აღარ უხდებოდათ. ერთხელ
კი წყაროზე წასულ ერთ-ერთ ბერს თავს უზარმაზარი დათვი წაადგა. შეშინებული ბერი ყვირილით
გაიქცა მონასტერში და წმიდა იოანეს უამბო თავისი გასაჭირი.
წმიდა მამა იოანე მშვიდად წავიდა წყაროსკენ და იქ მყოფ
დათვს მიმართა: თუ გწყურია, დალიე წყალი და მერე წადი, ამ მთაში მცხოვრებთ კი ამიერიდან
ნურაფერს დაუშავებ.
დათვმა წმიდა მამის სიტყვები, რომ გაიგონა, მორჩილად
მიბრუნდა და წავიდა. ამ დღის შემდეგ დათვების მოდგმა ამ მთის მკვიდრთ აღარ ერჩოდა და
არცერთ ადამიანს მათგან ზიანი არ მიუღია.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი |
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა განგკურნოს“
ეს ამბავი კლარჯეთის ერთ-ერთი მონასტრის წმიდა ბერს
- მამა მატოის შეემთხვა.
ერთელ ბერი მატოი თავის სენაკში იმყოფებოდა. ამ დროს
კი მან შეიტყო, რომ ღამით ქურდები მის სენაკში აპირებდნენ შემოპარვას. წმიდა მამამ
ქურდებს დღისითვე მოუმზადა სადილი. ღამით ფარულად მოსულ ქურდებს კი ბერი თავზე წამოადგა
და უთხრა: „შვილებო, დამიჯერეთ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გიბრძანებთ, არაფერი მავნოთ,
მოდით და ჭამეთ ჩემთან ერთად პური, რომელიც გაგიმზადეთ.“
ამ სიტყვების მიუხედავად ერთ-ერთმა ქურდმა მაინც მოინდომა
წმიდა მამის ნივთების წაღება. მაშინ წმიდა მამამ უთხრა მას: „მე ვარ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
მსახური, რომელიც ამ საქმის გამო დაგსჯის!“ ქურდი მაშინვე მიწაზე დაეცა. მისი მეგობრები
მუხლებში ჩაუვარდნენ წმიდა მატოის და ქურდის განკურნებას სთხოვდნენ.
ბერმა იგრძნო ამ ადამიანების სინანული ჩადენილი ბოროტების
გამო და უფალს გულში მადლობა შესწირა მათი მოქცევისთვის. შემდეგ კი სიყვარულით გადასახა
ჯვარი გაბოროტებულ ქურდს და უთხრა: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა განგკურნოს!“
უეცრად ქურდი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა. მან წმიდა
ბერს პატიება სთხოვა და ამ დღის შემდეგ მუდამ სიკეთეს ჩადიოდა.
No comments:
Post a Comment